2011 წლის 25 იანვარს საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციამ მოაწყო შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში “სოფლის განვითარების პროექტის” (RDP) დასაფინანსებლად ათწლიანი საკრედიტო ხაზის ათვისებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ცინცაძე, ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე აიეტ კუკავა, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური ლებანიძე, ასოციაციის გამგეობის წევრი მისო “კრისტალის” სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე, მისო “ფინაგროს” სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ჭონიშვილი, მისო “კრედოს” აღმასრულებელი დირექტორი ლილიანა სპასოვიჩი, მისო “კრედოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით ნაცვალაძე და მისო ალიანს ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი თამარ ბერაძე.

შეხვედრის მონაწილეებმა იმჯელეს პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. საქართველოს მთავრობამ “განვითარების საერთაშორისო ასოციაციასთან” და ,,სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან” 2005 წელს გააფორმა “სოფლის განვითარების პროექტის” (RDP) დაფინანსების ხელშეკრულებები. ამ ხელშეკრულებების თანახმად საქართველოსთვის 10 წლიანი საკრედიტო ხაზისთვის გათვალისწინებული რესურსი შეადგენდა 16.2 მლნ. აშშ დოლარს საკმაოდ იაფი ლიბორ + 2 საპროცენტო განაკვეთით, საიდანაც კომერციული ბანკებისთვის გამოყოფილი იყო 10.4 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო არასაბანკო ფინანსური დაწესებულებებისთვის (მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის) 5.8 მლნ. აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა სოფლად გაცემული კრედიტების სახით აუცილებლად უნდა იყოს ათვისებული 2011 წლის 1 ივლისამდე. ფულადი რესურსები, რომელიც დარჩება აუთვისებელი ამ პერიოდისათვის, საქართველოს ეკონომიკა კარგავს და ეს პოტენციურად გამოსაყენებელი იაფი რესურსი გადანაწილდება სხვა ქვეყნებზე.

საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციამ შეისწავლა ამ თანხების ათვისების საკითხი.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2007-2008 წლებში ბანკებმა გასცეს სულ 24 სესხი, ხოლო 2009 – 2010 წლების განმავლობაში ბანკებს საერთოდ არ გამოუყენებიათ საკრედიტო ხაზის რესურსები, ამიტომ მათვის გამოყოფილ თანხებიდან 4 მლნ. აშშ დოლარამდე დღემდე აუთვისებელია. ამასთან ერთად, 2009 წელს ბანკებამ 3,2 მლნ. აშშ დოლარი დააბრუნეს პროექტის საბრუნავ ანგარიშზე. აქედან გამომდინარე თანხა, რომელიც შეიძლება ათვისებული იქნას სოფლის მეურნეობის დაკრედიტებისათვის 2011 წლის 1 ივლისამდე, ჯამურად შეადგენს 6,5 მლნ. აშშ დოლარს.

ბანკების ასეთი მოქმედება არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში საბანკო დაწესებულებები არ იჩენენ აქტიურობას სოფლის მეურნეობის დაკრედიტების მიმართ. 2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საბანკო სექტორში სოფლის მეურნეობაზე გაცემული სესხების ხვედრითი წილი მთლიან საკრედიტო პორტფელში მხოლოდ 3%-ს შეადგენს, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ანალოგიურმა მაჩვენებელმა შეადგინა 27,2%. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 51 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მხოლოდ 11 გასცემს სესხს სოფლად. აბსოლუტურ მონაცემებში კომერციული ბანკების მიერ სოფლის მეურნეობაზე გაცემული კრედიტების სიდიდემ შეადგინა 47,2 მილიონი ლარი, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 62.2 მლნ. ლარის ტოლია და ეს მაშინ, როდესაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივები კომერციული ბანკების აქტივების სულ 2,9%-ს შეადგენს. სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გაცემული აქვთ კრედიტები 49526 მსესხებელზე.

მოყვანილი მაჩვენებლები მეტყველებენ იმაზე, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფუნქციონირების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში საკმაოდ დიდია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები წარმოადგენენ საფინანსო საკრედიტო სისტემის განუყოფელ ნაწილს და თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ხელს უწყობენ მცირე ბიზნესის განვითარებას, როგორც ქალაქად ასევე სოფლად, აფინანსებენ მცირე და დამწყებ ფერმერულ მეურნეობებს და გლეხებს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ამ პროექტში მხოლოდ ბოლო ორი წელიწადია რაც ჩაერთვნენ, მაგრამ 5-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ბანკებისგან განსხვავებით მოკლე პერიოდში (წელიწადნახევარში) შეძლეს აეთვისებიათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის პროექტით გათვალისწინებული ლიმიტზე უფრო მეტ საკრედიტო რესურსი და გასცეს 7,3 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით სოფლად მიზნობრივი სესხები ნაცვლად 5,8 მლნ აშშ დოლარისა. იმის გამო, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ სასესხო თანხების ათვისების მოცულობა ამ პროექტში შეზღუდულია, ერთის მხრივ, 2 მლნ. აშშ დოლარის ზედა ზღვრით და, მეორეს მხრივ, მათი საკუთარი კაპიტალის 50%-ით, პროექტში მონაწილე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა სრულად ამოწურეს სესხების გაცემის შესაძლებლობა მითითებული შეზღუდვის პარამეტრებიდან გამომდინარე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სესხები გაიცა, როგორც ბიზნეს პროექტებზე ასევე უშუალოდ გლეხებზე და რაოდენობრივად წელიწადნახევარში შეადგინა 11323 სესხი. თუ ჩავთვლით, რომ ამ მსესხებლების (მცირე მეწარმის და გლეხის) უკან დგას დაახლოებით 3 მუშაკი ან ოჯახის წევრი, მაშინ გამოდის, რომ ამ პროექტის სესხით ისარგებლა მინიმუმ 45 ათასმა კაცმა, რაც ნამდვილად არ არის ჩვენი ქვეყნისათვის მცირე რაოდენობა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ასოციაციამ თხოვნით მიმართა სოფლის მეურნეობის სამინისტროს – გაიზარდოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის ამ პროექტით გათვალისწინებული საკრედიტო ლიმიტები და ბანკების მიერ აუთვისებელი თანხები გადანაწილდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობამ არ დაკარგოს მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი იაფი საკრედიტო რესურსი 6,5 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით. მსოფლიო ბანკის მხრიდან ამ პროექტის კორდინატორი ორგანიზაციების წარმომადგენლები თანახმა არიან ჩვენს წინადადებაზე. ამ თანხების ათვისებაში შეიძლება ჩაერთონ სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც, რომლებიც აკრედიტებენ სოფლის მეურნეობას. დასმული პრობლემა დროულ გადაწყვეტას მოითხოვს, ვინაიდან პროექტით სესხების გაცემის უფლება მთავრდება 4 თვეში (2011 წლის 30 ივნისს), მითუმეტეს ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობისათვის დამატებითი საკრედიტო რესურსების მიღება საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე გადაწყდა შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელება სოფლის მეურნეო სამინისტროსა და ასოციაციას შორის.