საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის საწესდებო მიზანი ხელს უწყობს მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებას და გაძლიერებას საქართველოში, საზოგადოების ინფორმირებულობას და გათვითცნობიერებას მიკროფინანსებში და სექტორის მიმართ მომხმარებელთა ლოიალურობის შენარჩუნებას;
უდავოა, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელება და შექმნილი უმძიმესი ეპიდ-ვითარება, მსოფლიოში, და მათ შორის, საქართველოში, ინდივიდუალურად და კოლექტიურად სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
პანდემიასთან ბრძოლაში, ასოციაციის წევრმა ორგანიზაციებმა, ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი რეგულაციების შემოღების პირველივე დღიდანვე უზრუნველყვეს უსაფრთხო შრომითი გარემო და სპეციალისტთა მოთხოვნების საფუძველზე თანამშრომელთა დიდი ნაწილი გადაიყვანეს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, თუმცა ამასთანავე თანამშრომელთა უმეტესობა, ფინანსური მომსახურების ოფისები (ფილიალები, სერვის ცენტრები) ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელებისათვის მუშაობას განაგრძობდა არადისტანციურ რეჟიმში.
პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან ფინანსური სექტორი შეუფერხებლად ოპერირებს, ყოველდღიურად აწვდის ფინანსურ მომსახურებას საკუთარ მომხმარებელს, მაშინ როდესაც რისკის შემცველი გარემოებების პირობებში კვლავ ნარჩუნდება ვირუსის გადადების მაღალი ალბათობა დასაქმებულებს შორის.
ლოქდაუნების და შეზღუდვების არეალში მიკროსაფინანსო სექტორი არასდროს აღმოჩენილა, იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსურ რესურსებზე წვდომის სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს, კომერციულ ბანკებთან ერთად სწორედ ეს სექტორი ასრულებდა ქვეყანაში. ვაქცინაციის მხარდასაჭერად მიკროსაფინანსო სექტორში არაერთი საინფორმაციო და წამახალისებელი აქტივობა გაკეთდა, სექტემბრის მონაცემებით, სექტორში დასაქმებულთა 40%-მდე უკვე აცრილია ან რეგისტრირებულია აცრაზე, მიუხედავად ამისა ყურადღება არ მოგვიდუნებია და აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით ერთობლივ მუშაობას.
ასოციაციის გამგეობამ გადაწყვიტა რომ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ საზოგადოების მიმართ და საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში:
- იმიტომ რომ როგორც დამსაქმებელი, ვალდებულები ვართ უზრუნველყოთ დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოთი;
- იმიტომ რომ ჩვენი საქმიანობის განხორციელების დროს არ გამოვიწვიოთ გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხე;
- იმიტომ რომ ხელი არ შევუწყოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას და მუდმივად ვიზრუნოთ, რომ დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს…
მოვუწოდებთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, გაიზიარონ საქართველოს ბიზნეს სექტორებში უკვე არსებული პრაქტიკა და გაითვალისწინონ ასოციაციის რეკომენდაცია, რაც გულისხმობს სამუშაო ადგილებზე: კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურების სამედიცინო ცნობის, ან ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას, ან რეგულარულ ტესტირებას.
ვფიქრობთ დავიცავთ, როგორც უამრავ ჩვენს თანაგუნდელს, ასევე ასიათასობით ჩვენს მომხმარებელს და უსაფრთხო მომსახურების სივრცის შექმნას შევუწყობთ ხელს.