საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია და მისი წევრი ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები აქტიურად ჩაერთვნენ უკრაინის მხარდასაჭერ სხვადასხვა აქტივობებში.
მისოების მხრიდან მოხდა ფინანსური დახმარების გაწევა სხვადასხვა მიმართულებით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. ასევე განხორციელდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინიციატივები და რიგ მისოებში, სადაც არის გზავნილების სერვისი, 27 თებერვლიდან გაუქმდა საკომისიოები ფულად და საბანკო გადარიცხვებზე უკრაინაში, საქველმოქმედო მიზნებისთვის მომენტალურად და უპროცენტოდ ხდება თანხის გადარიცხვა უკრაინის ეროვნული ბანკისა და უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ანგარიშებზე 6 ქვეყნიდან (დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, იტალია, კვიპროსი, თურქეთი და საქართველო).
ასევე მისოების ნაწილმა ორგანიზაციების შიგნით შექმნეს საინიციატივო ჯგუფები, რომელებიც კერძო ინიციატივითაც და სხვა კერძო პირების ჩართულობითაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ უკრაინის მოქალაქეებს და ასევე ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებაში არიან ჩართული.
საქართველოს მიკროსაფინანსო ასოცოციაცია და მისი წევრი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას და აგრძელებენ უკრაინელი ხალხის დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით.